Chateau Chikovani

ჩიქოვანების გვარი სათავეს იღებს სვანეთიდან. საუკუნეების წინ, გვარმა მიგრაცია განიცადა ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში. ჩიქოვანების გვარის ერთი შტო, რომელიც 1704 წლიდან ფლობდა სამეგრელოს მთავრის - დადიანის ტიტულს უკავშირდება სოფელ გორდს.

გორდელი აზნაური, კაცია ჩიქოვანი ძალიან დაწინაურდა ლევან III დადიანის მართველობის დროს (1661 – 1689 წ). იმერეთის მეფემ, ბაგრატ IV-მ, მას ვეზირის წოდება მიანიჭა და ლეჩხუმის საინსარიძოც დაუთმო.

მალევე, კაცია იკავებს სამეგრელოს მთავრის კარის „უფროსობას“. დადიანმა კაციას სალიპარიტიანო მისცა და, როგორც ამ კუთხის მფლობელი ლიპარიტიანად აღიარა. ჩიქოვანის გაძლიერებას ხელი შეუწყო იმერეთის მეფესა და დადიანს შორის ჩამოვარდნილმა დაპირისპირებამ ლეჩხუმისათვის. კაციამ ისარგებლა დაპირისპირებით და დაიწყო სამეგრელოს თავადების და თვით კარის დიდებულების შევიწროება.

1704 წელს კაციას ინიციატივით მისი შვილიშვილი კაცია I, დადიანად აკურთხეს და იგი ოდიშის სამთავროს ახალ (დადიანთა) დინასტიას ჩაუდგა სათავეში.

Chateau Chikovani
უჩა და ოლია

კაციას ჩიქოვანის ძმა, ევდომოს ჭყონდიდელი, გახლდათ მარტვილის მთავარეპისკოპოსი. მარტვილის მონასტერს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს ისტორიაში. ამ მონასტერმა თავის დროზე, გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით, ფასდაუდებელი როლი შესრულა დავით აღმაშენებლის აღზრდაში.

Chateau Chikovani
დიმიტრი

ჩიქოვანების გვარის ამ შტოს გადადიანებაში, ბაგრატ IV - ის გარდა თავისი წვლილი შეუტანია სამეგრელოში ევდომოს ჭყონდიდელის ავტორიტეტს.

გორდში დადიანების სასახლის ბოლო სახლთუხუცესი იყო ჩვენი დიდი ბაბუა - დიმიტრი კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1863 - 1937) . დიმიტრის სამი ვაჟი შეეწირა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. თავად დიმიტრისაც 1937 წელს, 74 წლის ჭარმაგ მოხუცს საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრეტა მიუსაჯა.

დიმიტრის დიდი ბაბუა - ბეკო (1780 - ?), იყო ამ მამულის დამფუძნებელი. ბეკოს ჰყავდა 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი. ერთ-ერთი შვილთაშვილი იყო დიმიტრი, რომელსაც 16 შვილი ჰყავდა.

სამწუხაროდ, დღეისათვის, ჩიქოვანების ამ ძირძველ შტოს, გვარის გამგრძელებლად ჰყავს მხოლოდ ორი ახალგაზრდა: დიმიტრი თამაზის ძე და პაპუნა უჩას ძე.

ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა 2018, 2021 და 2025 წლებში ამ ქვეყანას კიდევ მოევლინა სამი, გვარის გამგრძელებელი ვაჟკაცი: უჩა, ალექსანდრე და ვაჩე პაპუნას ძე ჩიქოვანები.

გასული საუკუნის 30 - იან წლების ბოლოს, როდესაც რეპრესიების გამო ძალიან გაუჭირდა ამ მამულს, მას ბათუმიდან მხსნელად მოევლინა ქალბატონი ოლია (დომნა) გოგელია, უჩა დიმიტრის ძის მეუღლე. სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებაა ამ მამულის სიცოცხლის შენარჩუნება. იგი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალბატონმა ოლიამ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა საღი აზრი და არაჩვეულებრივი იუმორი. როგორც თავად ამბობდა შრომამ გააძლებინა ამდენი ხანი. ამის დამადასტურებელი იყო მის დაკოჟრილი ხელები. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა სტუმრების მიღებას. ალბათ იმიტომ, რომ სტუმრიანობა, მისთვის იყო თავისი შრომითი მიღწევების გამოფენის შესაძლებლობა. მისი სული ალბათ დღესაც გახარებულია, მის მაგალითზე აღზრდილმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა შეინარჩუნეს ეს ტრადიცია.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩიქოვანების მამული!

 

ისტორიული ფოტოები

 

Chateau Chikovani
დიმიტრი ჩიქოვანი შვილებთან
(მარცხნიდან პირველი)
Chateau Chikovani
დიმიტრი ჩიქოვანის ქალიშვილები
Chateau Chikovani
დიმიტრი ჩიქოვანის შვილიშვილები
Chateau Chikovani
უჩა ჩიქოვანი

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com