ჩიქოვანების მამულთან ახლოს მდებარეობს გორდის ცნობილი კანიონი. ასხის მთიდან მომავალი მდინარე ოკაცე ულამაზეს კანიონს ქმნის. კანიონის სიგრძე, რომელიც უკვე მილიონ წელზე მეტს ითვლის, 16 კილომეტრამდეა,სიღრმე 50 მეტრზე მეტია, ხოლო სიგანე ზოგ ადგილას 10-15 მეტრს აღწევს. აქ შეხვდებით მღვიმეებს, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები და ბუნებრივ ქვის ხიდებს („ქვახიდებს“), რომელთაგანაც გამორჩეულია ეგრედწოდებული-„ბოგა“ (მის ქვემოთ კანიონის სიღრმე 100 მეტრს აღწევს.) ოკაცე მრავალ წყალვარდნილსა და ტბას ქმნის, რომელთა გამჭვირვალე მოლურჯო-მომწვანო წყლის ქვემოთ თეთრი ფსკერი აირეკლება.
გზად კანიონისაკენ გაივლით დადიანების რეზიდენციასა და უზარმაზარ ტყე-პარკს. პარკის ფართობი 90 ჰექტარს აღემატება. სამეგრელოს ბოლო მთავარმა, დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გორდის მამულში განსაკუთრებული მშენებლობები წამოიწყეს. არქიტექტორ ვასილიევის პროექტით აიგო ორი შესანიშნავი სასახლე. მათგან ერთი - აჯანყებულმა სოციალ-დემოკრატებმა დაწვეს 1905 წელს (ამჟამად მეორეც დანგრეულია). გორდის სასახლის ეზო ცნობილი ლანდშაპტის არქიტექტორის იოსებ ბაბინის ხელმძღვანელობით გაუშენებიათ. ტყე-პარკი გამოირჩეოდა 15 ჰექტარზე გაშენებული წალკოტით, ხეივნებით, საყდარით, წყაროებითა და გედების ტბით.
ტყე-პარკიდან ორ-სამ კილომეტრში თქვენ შეხვდებით მდინარე ოკაცეს სამკასკადოვან ჩანჩქერს სოფელ კინჩხაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და გამორჩეულია საქართველოში. ზედა ორი წყალვარდნილი მდინარის მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. მდინარე ოკაცეს მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.