სოფელი გორდი
გორდი, სოფელი ხონის რაიონში. იგი მდებარეობს სამი მხარის იმერეთის, სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარზე. დღემდე უცნობია თუ რას უკავშირდება სოფლის სახელწოდება. არ არის გამორიცხული, რომ იგი უკავშირდებოდეს კაბადოკიელი წმინდანის სახელს.
გორდი ცნობილია დადიანების საზაფხულო რეზიდენციით და ტყეპარკით. თუმცა, იმერულ სოფელ გორდში, სამეგრლოს საზღვარზე დადიანების რეზიდენციის არსებობა ყოვეთვის ბადებდა კითხვას: რატომ მაინცდამაინც გორდი? აქ დაგეხმარებათ ისტორია: 1704 წლიდან სამეგრელოს მთავარის - დადიანის ტიტულს ფლობდა გორდელი აზნაურის, კაცია ჩიქოვანის შთამომავალი. კაცია ჩიქოვანი, ჩიქვანი (გ. 1681-1682 მიჯნა), იმერეთის სამეფოს ვეზირი. აღზევდა ლევან III დადიანის დროს. მოკლე დროში გორდელ აზნაურს იმერეთის მეფემ ბაგრატ IV-მ ვეზირობა მისცა, ლეჩხუმი და საინასარიძო უბოძა. მალევე კაცია ჩიქოვანის შთამომავალი სამეგრელოს მთავარი გახდა. შესაბამისად აიხსნება რატომ არის სოფელ გორდში დადიანების სასახლე.
საზაფხულო რეზიდენცია, 1841 წელს, რუსი არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის პროექტის მიხედვით აშენდა. იგი ციხე-სიმაგრის მსგავსი ნაგებობის იყო. დასრულებული სახით შენობა სიგრძეში 40 მეტრს და სიგანეში 20 მეტრს შეადგენდა. პირველ სართულს სვეტები და თაღები ჰყოფდა, ხოლო მეორე სართულზე დიდებული დარბაზი, მისაღები ოთახი, სალონი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.
დავით დადიანმა მოიწვია სახელგანთქმული აგრონომი და ლანდშაფტის არქიტექტორი, იოსებ ბაბინი, რომელიც აგრეთვე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას ხელმძღვანელობდა და რომელსაც გორდის სასახლის გარშემო ბაღების დაპროექტება დაევალა. სამუშაოები ბაბინიმ დაიწყო და მოგვიანებით მშენებლობაზე პასუხისმგებლობა იტალიელმა მებაღემ გაეტანო ძამბერლეტიმ გადაიბარა. 80 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას ქვის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელშიც სამი დაცული ჭიშკარი იყო დატანებული. ამ კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა.
ბოლშევიკური რევოლუციის დროს, როდესაც გორდის სასახლეში წითელი არმიის შენაერთები იყვნენ დაბანაკებულნი, სასახლეში დაცული იარაღი, ავეჯი და ჭურჭელი მთლიანად გაიძარცვა. მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წახალისებით სასახლის ძარცვა თავად სოფლის მოსახლეობამ გააგრძელა და ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ღირებულებას წარმოადგენდა – კარები, ფანჯრები, ორნამენტებით შემკული ხის სვეტები, – პირწმინდად გაიზიდა. დღეისათვის სასახლისგან უსახურავო კარკასიღა შემორჩა.
სოფელი კინჩხა
კინჩხა იმერეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის საფელია, სოფლის ტერიტორია ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეძეა და კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების ასხის ალპური პლატოს სამხრეთ დასავლეთით და მდინარე ცხენისწყლის მარჯვნივ 3-4 კილომეტრზე მდებარეობს. სახელწოდება კინჩხა მკვლევარ გივი ელიავს მოსაზრებით, წარმომდგარი უნდა იყოს "იკანჩიდან" და შეესაბამება სამშაბათის ჭანურ სახელწოდებას, რაც ღვთაება "ტარხონნის" (ტაროსის მცირეაზიური სახელწოდება) სახელსა და კულტს უნდა უკავშირსებოდეს. კინჩაში არსებული უძველესი "ტარეში", სწორედ წარმართული საკულტო-სარიტუალო წალკოტის ნაშთი უნდა იყოს - ასკვანის მკვლევარი.
შესაძლებელია ჯერ კიდევ, უძველეს დროს მცირე აზიიდან შემოსულმა და კოლხეთში დამკვიდრებულმა ჭანურმა ელემენტებმმა მისცეს სოფელს მცირე აზიური სახელწოდება და წარმართული სალოცავი, მაგრამ ეს ნაკლებად დამაჯერებელია.
ზურაბ ჭუმბურიძის განმარტებით "კინჩხა" რისიმე პატარა ნაჭერია.
ხალხური ვერსიით "კინჩხა" კინკრიხო, ხერხემლის ზედა, ამაღლებული ნაწილია, კინჩხა მთიანი სოფელია სახელწოდება კი დაერქვა გამოთქმიდან "კინჩხიც მოგიტეხია". ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გაგვაჩნია...